ეს არ არის დეპრესია

მოტივაციის ან განწყობის ნაკლებობას რომ განვიცდი, საქართველოდან წასვლის დადებითი მხარეების განხილვაზე გადავდივარ ხოლმე.
ჩემ თავს ველაპარაკები
ქუჩაში.
თან ხმამაღლა.
კი, რა თქმა უნდა, უცნაურია ალბათ არასასურველიც მაგრამ..
არავის არ ესმის.
მიდიხარ, და ყველას გონია ყურსასმენებში ლაპარაკობ (საერთოდ ინტერესდება კი ვინმე?)
მიდიხარ შენთვის და მთელი მონდომებით ცდილობ შენს მეორე მეს აუხსნა, რომ არასწორია და “ამაზე” ნერვიულობა არ ღირს. მერე ის იქიდან გეპასუხება და მოკლედ, სტანდარტული დიალოგია.
არაფერი საინტერესო, გარდა ფაქტისა.
როდესაც უგზოუკვლოდ გინდა ვიღაცამ მოგისმინოს და იცი, არავინ არის ისეთი ვინც მოგისმენს, არ არიან იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შენ არ ეცადე და მოკლედ თუ ვინმე რამეში, სადმე, როდესმე, რამენაირად დამნაშავეა ყველაფერში შენ ხარ და ყველაფერი შენი ბრალია.
ხანდახან მგონია რომ ჩემს მეგობრებთან ჩემი “ურთიერთობა” ჩემი მხრიდან თავის შეხსენების მცდელობაა. ვერვიტან ონლაინ ურთიერთობებს!
როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ საცხოვრებლად მინიმუმ 1 წლით მაინც და კიდევ 3წლიანი გეგმა გაქვს დარჩენის ხვდები, რომ საერთოდ არ არის საჭირო გარდაცვალება იმისთვის, რომ ვინმე დააფასო, ან მოგენატროს, ან მიხვდე, როგორ მნიშვნელოვანია ესა თუ ის პიროვნება შენთვის, ან გაიაზრო რა მაგარია იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც გაიზარდე, სადაც ყველაფერი ნაცნობია და შეგიძლია მიხვდე რას და რატომ აკეთებს ხალხი, სადაც გაქვს შესაძლებლობა გააპროტესტო ის რაც არ მოგწონს, სადაც თავს არ გრძნობ როგორც ჰაერიდან ჩამოვარდნილი და არასწორ ადგილზე მოხვედრილი(თავიდან მაინც).
საქართველოდან წამოსვლამდე ხშირად ვფიქრობდი რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად, სულ მეგონა რომ უშუალო ურთიერთობები, თავისუფლად ლაპარაკი, შეგრძნება, რომ ასე თუ ისე რაღაცას წარმოადგენ, რაღაცას მიაღწიე, რაღაც შექმენი ან ის მომენატრებოდა ქუშაში უაზროდ დაღლილს მეგობარი/მეზობელი/ნათესავი მანქანით რომ ჩაგივლიდა გაგიჩერებდა და სახლამდე წაგიყვანდა, ჩემს საბცხოვრებელ ქუჩას რომ მივუახლოვდებოდი და ყველა მეორეს რომ შემეძლო მივსალმებოდი.. კიდე მოხარშული სიმინდი, თუთის ტყლაპი(ქოქოსთან ერთად სუპერ გემრიელია) და ჩურჩხელა, მომენატრებოდა შემთხვევით ნანახი ძველი მეგობრები, რომელთანაც სულ ვინანებდი ურთიერთობის გაწყვეტას, მაგრამ მალევე გადამივლიდა. მომენატრებოდა უნივერსიტეტი, კურსელები, უბრალოდ ნაცნობი სახეები..
ხოდა,
მართალი ვიყავი.
ისე კი, უნდა ვთქვა რომ გერმანელები იმაზე უფრო დადებითი ხალხი არიან ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყვნენ. ქუჩაში შეიძლება სულ უცხო მოგესალმოს, გაგიღიმოს, ზებრაზე რომ გადავდივარ ხომ საერთოდ, საკმაოდ შორი მანძილიდან მიჩერებენ მანქანები და მშვიდად ელოდებიან როდის გადავალ გზაზე. ავტობუსში რომ ადიხარ მძღოლი გიღიმის და გესალმება კიდეც ხშირ შემთხვევაში..

ცხოვრება ჩემს თავთან

ყველაჯერ მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა, სადმე ისეთ ადგილზე რომ მოვხვედრილიყავი სადაც არავინ ჩემი ნაცნობი არ იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი უცხო და ახალი იქნებოდა, არცერთი ადამიანი, რომლებსაც შეხება ექნებოდათ ჩემს განვლილ ცხოვრებასთან და არცერთი ადგილი, რომლებთანაც იარსებებდა რამე, თუნდაც უმნიშვნელო მოგონებები.
დიდიხანი ვამტკიცებდი რომ ოცნებები არ ხდება, მაგრამ როდესაც შენთავზე გამოცდი ისეთ წარმოუდგენელს, როგორიც ზემოთაღნიშნული იყო ჩემთვის, უკვე ყველაფერი შეგიძლია დაიჯერო. აღარ რჩება არაფერი, რისი მოხდენაც შეიძლება ვერ დაუშვა..
თითქმის 2 თვეა გერმანიაში ვცხოვრობ, მარტო, ოღონდ არა სახლში. მარტო ვცხოვრობ ჩემს თავთან.
იმ ჩემს თავთან ასე რომ უყვარს ჯუჯღუნი და სწავლასა და დასვენებას შორის მეორეს რომ მარჩევინებს ხოლმე.
იმ ჩემს თავთან, რომელსაც ამავდროულად შეუძლია თავისუფალი ორი დღე მარტო წიგნებთან გამატარებინოს.
იმ ჩემს თავთან, რომელთან ერთადაც დავდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ..
რომელსაც ვეკითხები რჩევებს,
იმასთან, რომელიც ჩემი მოტივაციაა,
იმასთანაც, რომელიც რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერს გვერდით გადადებს თუ დამჭირდება და 5 წუთს გამონახავს რომ დამეხმაროს უბრალოდ მოსმენით.
იმ ჩემს თავთან, რომელიც ხშირად არასწორ რაღაცებს მარჩევინებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მაღებინებს, მეჯუჯღუნება, სინდისს მიწიოკებს, მაგრამ მერე მიხსნის რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე არა..
იმ ჩემს თავთან, რომელიც ყველაფერზე მაფიქრებს და იმ ზომამდე მივყავარ, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ფიქრისგან თავის გასკდომის მოლოდინში ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო – ასეთი რამ შეუძლებელია ..
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერზე. ხანდახან ისე მინდა ვიღაცას რაღაც მოვუყვე ისე, რომ არ დამჭირდეს ფიქრი იმაზე რასაც ვლაპარაკობ, ანუ ქართულად, ასე მიყუროს, ვუყურებდე ან საერთოდ არ არის ყურება საჭირო უბრალოდ ვიცოდე რომ მისმენს და ვუყვებოდე ნებისმიერ სისულელეს, ჩემი როლიკებით წაქცევის ამბავს, ან რამეს ჩემს პირველ სიყვარულზე, ან იმას ერთ ძალიან მაგარ ბიჭს რომ ვუყვარდი..ნებისმიერ ამბავს რომელიც თუნდაც მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და არ მბეზრდება.
ან უბრალოდ რაღაცის გახუმრება რომ მომინდება შემეძლოს ისე თქმა, როგორც მინდა და სიტყვების არცოდნის გამო არ ვიჭედებოდე.
ან უხერხულობას არ ვგრძნობდე სულ მარტო რომ დავდივარ, რადგან ჩემი არსებული 2 ნაცნობისთვის სადმე წასვლის შეთავაზება მეუხერხულება.
ან არ ვიცი იმდენი რამეა. ყველა.
და ახლა, აქაც გაჩნდა ნაცნობი ადგილები, თავისი პატარა ისტორიებით, რომელიც შემიძლია ჩემს თავთან ერთად გავიხსენო და ვიცინოთ ერთად.
და მეც არ ვიცი, მინდა თუ არა ისევ სადმე ისეთ ადგილზე წასვლა სადაც არ მეყოლება არცერთი ნაცნობი და არცერთ ადგილს არ ექნება დამახსოვრებული ჩემი ისტორია.
მზად ვარ ამისთვის?
წინ კიდევ 10 თვეა.
ჩემს თავთან ცხოვრება კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეეძლო წარმოედგინა.

6 ოქტომბერი.

ისევ 6 ოქტომბერია და ისევ ზუსტად 1 წელი მიემატა დედაჩემის ასაკსაც და მამაშენის გარდაცვალების წლების რაოდენობასაც.
ემოციები ისევ იგივეა, რაც შარშან, ან იმის წინ, ან იმის წინ..
განსხვავება ის არის რომ ახლა საერთოდ არ ვარ ვალდებული ცრემლები შევიკავო, და კიდევ ის, რომ ამ ემოციებს ახსნას ვერ ვუძებნი, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო.
ყველაფრისთვის შეიძლებოდა ახსნის მოძებნა, ყველაფრის გამართლება, ყველაფრის დაჯერება, ყველაფრის მოწონება და დაწუნებაც კი.
ეს 6 ოქტომბერი დანარჩენი 20-ისგან იმით განსხვავდება რომ დედაჩემს მხოლოდ ტელეფონით მივულოცე დაბადების დღე.
ეს 6 ოქტომბერი ბოლო წლებისგან იმით განსხვავდება რომ ღამის 12 საათზე სიმღერით არ დავდგომივარ დედიკოს თავზე და საჩუქარი არ მიმიცია, რომელიც აუცილებლად ძალიან მოეწონებოდა, არა იმიტომ, რომ მე გავეხარებინე, არამედ იმიტომ რომ ყველგან ვნახავდი და იმას ვიყიდიდი რაც ზუსტად ვიცოდი მოეწონებოდა.
ეს 6 ოქტომბერი სხვებისგან იმით განსხვავდება რომ საქართველოში არ ვარ.
და კიდევ იმით რომ არაფერი აქვს საერთო სხვა 6 ოქტომბრებთან.

როცა გაზრდაში უარყოფითების აღმოჩენას იწყებ ..

ხანდახან არის მომენტები, როდესაც შენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი ხდება, რაც გინდა რომ ყველას მოუყვე, მერე ხვდები რომ ყველას ვერ მოუყვები და ადამიანების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებ, საბოლოოდ კი ხვდები რომ ხანდახან 1 ადამიანიც არ მოგეპოვება ახლომახლო, რომელსაც მოუყვები და ზუსტად ისე გაიგებს ყველაფერს, როგორც სინამდვილეშია, რომელსაც სულ ექნება დრო შენთვის, იმ დროს მაინც როცა გჭირდება, როცა ძალიან ძალიან საჭიროა შენთვის.
არ ვიცი რა მინდა, ის რომ ჩემს მეგობრებს ნიჭი ქონდეთ ჩემი განცდების ამოცნობის თუ ის, რომ პრობლემა საკუთარ თავში ვიპოვო და გამოვასწორო.
ხანდახან ისეთი აუტანელი მგონია საკუთარი თავი მეც არ ავიტანდი არჩევანის საშუალება რომ მქონდეს.
მგონია, რომ ყველაფრის მიზეზი ყოველთვის მე ვარ, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ, რომ შემეძლო ბევრად უკეთ მოვქცეულიყავი, ბევრად ნაკლები შეცდომა დამეშვა.. არადა მართლა ვცდილობ ხოლმე ჩემი მაქსიმუმი დავდო.
აქ ყველაზე მეტი დრო მაქვს იმისთვის რომ ვიფიქრო, შემიძლია დაუსრულებლად ვიფიქრო სამუშაო დღეებში ჩემთვის განსაზღვრულ თავისუფალ საათებში, სამაგიეროდ კვირას არავინ მიწესებს დროის საზღვრებს, არაფრისთვის. შემიძლია წავიდე სხვა ქალაქში, შემიძლია ვისეირნო, შემიძლია ახალი რაღაცები ვნახო, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო რაც მომინდება, მაგრამ პრობლემა სწორედ “მინდაშია” მინდაში რომელიც არ არსებობს და რომელიც მუდმივად გიმეორებს და გახსენებს რომ მარტო ხარ და მარტო და მარტო და მარტო და ასე დაუსრულებლად, რომ რეალურად არავინ არ არის ახლა შენთან ისე ახლოს როგორც ინატრებდი, როგორც გინდა და როგორც ..
რაც გააზრებული ცხოვრება დავიწყე, პრინციპში მგონი იქამდეც გაზრდაზე ვოცნებობ, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, რომელიც მართლა თავისუფლებაა და უარყოფითის დანახვა მართლა არ შემეძლო, ახლა კიდე..
ახლა ვიწყებ უარყოფითი რაღაცების დანახვას გაზრდაში .. და პირველი რასაც ყველაზე მეტად განვიცდი ახლა ისაა, შენთვის ძვირფას ადამიანებს ყოველთვის რომ აღარ ექნებათ დრო შენთვის, როგორც არ უნდა გჭირდებოდეს, ვერავის თხოვ საკუთარი საქმე შენი გულისთვის გადადოს (ეგეთი ეგოისტი არ ვარ) და ვერავის, ვერასდროს დაავალდებულებ საკუთარ პრიორიტეტებში მოწინავე ადგილზე ყავდე.
თავისუფლებით გაზრდა დავიწყე, სამაგიეროდ დამოუკიდებლობით გაზრდამდე 11 თვე მაქვს დარჩენილი თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩემი გაზრდილი თავისუფლება ისევ დაპატარავებას დაიწყებს, მე კი მიუხედავად იმისა, რომ დიდობის “უარყოფითებს” ვეცნობი ნელ-ნელა, მაინც არმინდა დაპატარავება და სხვა ადამიანებზე დამოკიდებულად. ქცევა ვინც არ უნდა იყვნენ ის ადამიანები რომლებზეც დამოკიდებული ხარ ..

და ასე სანატრელ გაზრდაში უარყოფითების აღმოჩენის დაწყება ცალკე სევდაა..

დასაჯერებელი ამბავი ანუ ემიგრანტი ვარ?

11.08.16
უკვე ვიზაც მაქვს, ბილეთიც, ჩანთაც, თან ჩალაგებული და 2 კვირაში გაფრენაც დაგეგმილია, მაგრამ არ ვიცი რა ემოცია მაქვს, მიხარია, განვიცდი, ვნერვიულობ, მიჭირს შეგუება/წასვლა, ენის ბარიერის ამბავია, უბრალოდ ვღელავ თუ? .. საერთოდ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

17.08.16
1 წელი, სრული ერთი წელი. ოცნება, რომელიც ხდება, მაგრამ ისეთი სასურველი აღარ არის როგორიც თავის დროზე იყო..

20.08.16
4 დღეში იმ სახლიდან მინიმუმ 1 წლით მივდივარ, რომელშიც 20 წელი გავატარე. საკმაოდ რთულია.
ყველაზე ნეტად სიტუაციას ის ამძაფრებს რომ ვიცი, როდესაც დავბრუნდები არაფერი ისე აღარ იქნება როგორც დავტოვებ.
ჩემთვის ძვირფასი ნივთები მიწევს ყუთებში გავანაწილო და სადღაც ბნელ კუთხეში მივაწყო.
ნივთები, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ვაგროვებდი 30 კილოგრამში უნდა გავაერთიანო და მხოლოდ ისინი წავიღო.
სახლიდან გადასვლა ცალკე სევდაა, როდესაც ვერ ახერხებ ყველა ის ნივთი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია თან წაიღო.
ყველაზე მეტად გული ჩემს პირად ბიბლიოთეკაზე მწყდება, წიგნებზე, რომლებსაც ვაგროვებდი, ვიგებდი, მჩუქნიდნენ. წიგნები, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს და თითოეულზე ამბის მოყოლა შემიძლია. ახლა ყველაფერი ყუთებში აწყვია ამ ყუთების შუაში ვზივარ და ვხვდები მალე ამ ოთახიდან ჩემი კვალი საერთოდ გაქრება. ფოთლები, რომლებიც უნივერსიტეტიდან წამოსულს მომქონდა ხოლმე კედელზე აღარ იქნება, არც დისკები, ფირფიტა, გერმანულის არტიკლების ბრუნება, რომლისთვისაც ერთხელაც არ შემიხედავს ..
მაგრამ რუკებს დავტოვებ ..
წელიწადში ორჯერ ამ ოთახში აღარ შევცვლი დიზაინს იგივე ნივთების სხვანაირად განლაგებით და ყოველთვის, როდესაც გავბრაზდები ამ ოთახში არ გადმოვყრი ჩემს ტანსაცმელს და არ დავიწყებ მთელ დღიან დალაგებას.
არც იმაზე აღარ ვიწუწუნებ როგორი უფორმო თაროები აქვს ჩემს კარადას და არც ოთახზე აღარ ვიტყვი ისეთი პატარაა რომ შევდივარ კარადა საწოლი მაგიდა ან სკამი უნდა გამოვიტანო თორე აშკარად რომელიღაც ზედმეტია-მეთქი.
ამ ოთახში მალე აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო.
სხვაგან გადასვლა კი ნამდვილად არ წარმონედგინა ასეთი სევდიანი თუ იქნებოდა.

29.08.16
სიტყვა ემიგრანტი, მიუხედავად განმარტების ცოდნისა, მაინც ყოველთვის მთრგუნავდა, რადგან ჩემს გარშემო ემიგრანტები საბერძნეთში ან იტალიაში მოხუცის მოსავლელად წასული ქალები იყვნენ, რომლებმაც ოჯახები გაჭირვების გამო დატოვეს, რომელთა გოგოებიც რჩევებს დედიკოსგან სკაიპით იღებდნენ და რომლების შვილებსაც ძალიან ძალიან უნდოდათ დედიკოსთან ახლოს ყოფნა და დროის მათთან გატარება, რომელთაც ეგონათ რომ დედიკოს გვერდით ყოფნა ყველაფერი კარგის დასაწყისი იქნებოდა..

ახლა მეც ემიგრანტი ვარ. უბრალოდ თავს იმდენად კარგად ვგრძნობ..

გერმანიაში ყოფნის პირველი კვირის კვალობაზე ყველაფერი მშვენივრადაა თუარჩავთვლით რომ ერთხელ გზა ამერია და სახლს ვაიფაის ძებნით მოვაგენი და იმას, რომ ვერაფრით ვრისკავ ველოსიპედით კატაობას მანქანების შიშის გამო.

ისევ იგივე.

რაღაც-რაღაცებისთვის სხვებს რომ აკრიტიკებ, თუნდაც გონებაში, მითუმეტეს სხვასთან და შემდეგ თვითონ რომ არანაკლებს აკეთებ ამის გაცნობერება ყოფილა საშინელება.
საკუთარ თავს რომ აღარ ენდობი უარესია. მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ რაღაც ცუდი ხდება შენსთავს და შენში, გამოსწორების ერთ-ერთი წინაპირობაა. ალბათ.
ჩემი სანაქებო სინდისიც, რომლითაც ასე ვამაყობ, სადღაც ჯანდაბაშია და არ ააპირებს მგონი დაბრუნებას.
ალბათ სათანადოდ არ ვცდილობ გავხდე ისეთი, როგორიც მინდა რომ გავხდე.
არც იმას ვცდილობ შევცვალო ის ნიუანსები რაც მინდა რომ შევცვაალო და მაგიტომაც არ გამომდის.
რომ ვთქვა წუწუნი არ მიყვარს მეთქი მოვიტყუები, სამაგიეროდ ტყუილი არ იქნება თუ ვიტყვი რომ ძალიან მინდა არავისთან ვიწუწუნო და საერთოდ არ ვიყო ასე ძალიან ურთიერთობებზე დამოკიდებული. ადამიანებზე და მათთან კოტაქტზე. ოღონდ ინტერნეტ სივრცეში – არა.
ყველაზე დიდ ტყუილებში რაც ჩემთვის უთქვამთ ალბათ მოწინავე ადგილზეა, მიზნის დასახვა და მონდომებაა მთავარი და ყველაფერი გამოვაო, რომ მეუბნებიან. იმიტომ რომ ეგ ეგრე არაა. იმიტომ რომ მიზნის დასახვაც და მინდას თქმაც ყველას შეუძლია. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი უბრალოდ მიმართულებაა, რომელიც ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამ მიმართულებით სიარულს ვერ/არ ახერხებდეს.
მთავარი მაინც ისაა როგორ წახვალ მიზნისკენ, რა გზებით შეეცდები მის ასრულებას და რამდენად ეცდები, რომ გამოვიდეს ის, რაც შენს დანიშნულებას წარმოადგენს.

დღეებს ვითვლი იმ თარიღამდე, რომელიც არ ვიცი როდის მოვა და
არარეალურობის შეგრძნებაც უფრო იზრდება.
მოლოდინის რეჟიმში გატარებულმა ბევრმა წელმა კიდევ ვერაფერი მასწავლა და
ისვ იგივე..

რა იქნება მომავალში?

სულ მიდოდა ერთი წამით მანც შემძლებოდა იმის ნახვა, რა იქნებოდა მომავალში, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ვინ ვიქნებოდი მე ან ვინ იქნებოდა ჩემს გვერდით. რას გავაკეთებდი, რის მიღწევას შევძლებდი, რამდენად ახდებოდა ოცნებები და საერთოდ ღირდა ბრძოლა ოცნებების ახდენისთვის თუ ყველაფერი უაზრო დროის ხარჯვა იყო? ოღონდ ეს ადრე, მაგრამ არც ისე შორეულ წარსულში.
ახლა მგონია რომ ცხოვრებას ყველაზე საიტერესოს სწორედ ის ხდის, რომ არ ვიცით რა იქნება მომავალში, რომ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ყველაფერს რაც მოხდება. თუნდაც ჩვენ ყველაფერს გეგმის მიხედვით ვაკეთებდეთ რაღაც, ჩვენგან დამოუკიდებელი დაბრკოლება მაინც წარმოიქმნება, რომელიც გვაიძულებს ფუნდამენტური თუარა ზედაპირული ცვლილებები მაინც განვახოცრციელოთ ჩვენს გეგმებში. ბოლოს და ბოლოს ცოტა დავაჩქაროთ ან გადავავადოთ მოვლენების განვითარება. 
"ადამიანს თავისი მომავალი რომ სცოდნოდა, სიცოცხლეს ვინ ისურვებდა, შვილო ჩემო?! წარმოიდგინე, მარტო უბედურების წინათგრძნობა რამდენ ამაო წუხილს გვანიჭებს, უბედურების მოლოდინი კი მოგვიწამლავდა მთელი სიცოცხლის დღეებს." 
ერთი რამ ვიცი ზუსტად, რამდენადაც არ უნდა მაწუხებდეს ცნობისმოყვარეობა და არამდენადაც არ უნდა მინდოდეს ერთი წამით მაინც დავინახო ჩემი თავი რამდენიმე წლის შემდეგ  ვერასდროს გავიგებ რა იქნება მომავალში და ეს ძალიან ძალიან კარგია ^_^

იდეაში ღიმილიანი ბლოგი