ალექსანდრე ლორთქიფანიძე (ხვიარა) – საა

_ საა..
გძინავს?
ჯერ არ დაიძინო რა, სა..
შენთან ლაპარაკი მინდა..
სა,
იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი,
დღეს გიყურებდი და ვერც..
სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში,
რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები..
სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა,
მერე კი შენზე მელაპარაკა, სა..
ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილს
და მე სულ ვსველდები, როცა წვიმს,
რადგან შენ მახსენდები და ვტირი..
სა,
ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი..
ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ,
სულ 3 გზაა, სა,
ტკივილი, სიცივე და სევდა,
იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში,
სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით,
უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები:
მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან..
მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ..
შენ ხომ იცი ფრენა?
ხომ შემპირდი გასწავლიო,
ჰოდა..
სა..
იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე,
ვიცი..
ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი,
მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომ
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას,
რომ შენ ფეხს მოგაჭრიან..
მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყა
და 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ..
სა..
ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია..
იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე,
მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები..
შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ..
სა..
მოიხსენი რა ეგ სათვალე,
მოიხსენი ეგ შავი სათვალე,
არ გიხდება,
შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება..
შეხედე მზეს და იფიქრე..
ჩემზე ნუ იფიქრებ,
უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარ
და ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე,
მხოლოდ ილუზიაა,
და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს..
სა..
გამიგონე რა..
მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას,
რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა,
არ გიხდება შავი, სა.. არა..
ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებს
შენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს,
არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი..
ვიცი..
ვიცი, სა, მეც გახსოვარ,
ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს,
რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე,
მე კი სულ გელოდები..
ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები..
ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები..
ცაში ნაწვიმარზე გელოდები
და ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ,
იქაც დაგელოდები..
და ვიცი, მოხვალ,
ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი,
ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს,
ვიცი..
მოხვალ და ძველებურად მეტყვი:
_ სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ..
და მე გაკოცებ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s