Category Archives: ღიმილაკები ))

გაქცევით მარტოობას ვერ გაექცევი

hhhზოგადად, დაუცველობის შეგრძნება არც ისე ხშირად მქონია ცხოვრებაში, პირიქით ძალიან ძლიერადაც მიმაჩნდა თავი და მეგონა ყველაფერს მარტივად გავუმკლავდებოდი სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდი.
ყველაზე დაუცველად თურმე მაშინ გრძნობ თავს როცა მარტო ხარ, ოღონდ არა ფიზიკურად.

მარტოობაზე უარესი ცოტა რამ თუ შეიძლება იყოს ამ სამყაროში.
სიკვდილსაც კი მარტოობამდე მივყავართ, სხვა ადამიანების მარტოობამდე.

მარტოობის შეგრძნება ისაა, რასაც ვერ გაექცევი, პირიქით რაც უფრო მეტად ცდილობ გაქცევას უფრო მეტად იდგამს შენში ფესვებს, არ შველის არც ახალ ქვეყანაში გადასვლა და არც სხვადასხვა ქალაქებში ყველაფრის ისევ თავიდან თავიდან და თავიდან დაწყება.
ეს ყველაფერი უბრალო ილუზიაა, გარბიხარ მანამ სანამ გააცნობიერებ რომ გარემოს გამოცვლით ვერც ფიქრებს გაექცევი და ვერც შინაგან სიცარიელეს ამოავსებ.
არადა რეალურად როგორ გინდა მარტოობას გაექცე თუ საერთოდ არ ცდილობ თავის სადმე დამკვიდრებას? როდესაც არსად არ ჩერდები?  როდესაც სკოლებსაც კი 2 წელიწადში ერთხელ იცვლიდი?  როდესაც უნივერსიტეტშიც მხოლოდ 4 სემესტრი ისწავლე და წელიწადნახევარში 3 ბუნდესლანდზე ცხოვრება მოასწარი?
გაქცევით მარტოობას ვერ გაექცევი.

როდესაც სხვა ქვეყანაში ხარ საცხოვრებლად წასული და ენის ცოდნის მხრივ ფეხი ახალი ადგმული გაქვს, რაც იმას ნიშნავს რომ არც თუ ისე ბევრ ადამიანთან შეგიძლია იყო ისეთი როგორიც ხარ, თქვა ის რაც გინდა თქვა და იხუმრო ისე როგორც გინდა რომ იხუმრო, როცა მენტალიტეტის და გარემოებების გამო აკიდებულ უამრავ კომპლექსს თავს ვერ აღწევ და ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდება ხოლმე ვიდრე წარმოდგენებში იყო, ურთიერთობებს სხვანაირად უყურებ, რაღაცებს მეტად აფასებ, რაღაც საკითხებში მეტად სენტიმენტალური ხდები და ბევრი ისეთი რამე გწყინს რაც იქამდე ძალიან უმნიშვნელო იყო.
ძალიან ბევრ ადამიანს კარგავ, გინდა თუ არა კარგავ,  დარჩენილებს კი მაგრად  ებღაუჭები რომ რამენაირად შეინარჩუნო ურთიერთობა.
მერე ეგეც გბეზრდება. ან გღლის.
ისევ გარბიხარ სანამ არ მიხვდები რომ გაქცევით მარტოობას ვერ გაექცევი.
ხანდახან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გაქვს.
ხანდახან უნებურად გავრბივართ, დაუგეგმავად ან საერთოდ გაუაზრებლად.
მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, მთავარი ხომ შედეგია. შედეგი, რომ მარტო ხარ, და რომ ამ მარტოობას თავს ვერ აღწევ.
რატომღაც ყოველი გამონათება კრახით სრულდება, შეიძლება ზუსტადაც იმის ბრალია რომ ზედმეტად ელი ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას? ან იმის რომ ზედმეტად ცდილობ შესაფერისი ადამიანების ძებნას  და არ აცდი მოვლენებს თავისით განვითარების საშუალებას  და საბოლოოდ გადამეტებული მოლოდინებისგან იმედები იმაზე მეტად გიცრუვდება ვიდრე უნდა გიცრუვდებოდეს.
და მაინც
გაქცევით მარტოობას ვერ გაექცევი.

Advertisements

ბავშვობის (ვერ)ახდენილი სურვილები

ყველა შიში,  ყველა ოცნება, აუსრულებელი, ყველა მომავლის გეგმა თუ სურვილი რაღაცის შეცვლის, ჩვენივე წარსულის დანაკლისის, არასრულფასოვნების ანდა არ/ვერშესრულებული სურვილების გადმონაშთი შეიძლება იყოს.
აი მაგალითად 20 წლის ასაკში, პირველი ხელფასით, ნაყიდი სათამაშო დისტანციური მანქნა, ანდა კოპლებიანი ბოტები, პატარა ბავშვებთან დაუღლელად თამაში თუნდაც იმის გამო რომ გაიგო როგორია, როდესაც ბარბის სახლი გაქვს და ა.შ.
მცდელობა იყო თავისუფლებით გაზრდილი და ამავდროულად ბავშვი, რომელსაც ბევრი სათამაშოს მიმართ ჯერ კიდევ ინტერესი აქვს, მაგრამ თან ძალიან უნდა დიდურ დიალოგებში ჩაერთოს და რაც შეიძლება უფრო საინტერესო თემებზე ისაუბროს ხშირად არც თუ ისე წარმატებულია. ხანდახან, გინდა იყო პრინცესა დაბადების დღეზე, ლამაზი, ფრიალა კაბით, მაგრამ ხვდები რომ ტორტზე შენს მეტი არავინ იფიქრებს და არა იმიტომ რომ შენ გინდა ასე, არამედ იმიტომ რომ უკვე დიდი ხარ და თან არავინაა გარშემო ისეთი ვინც ამაზე დაფიქრდება, ეს ყველაფერი კი შენს პრინცესობას აუფერულებს.
ბევრი სურვილი, მხოლოდ იქამდეა სასურველი სანამ აგვიხდება, სანამ მივხვდებით რა სირთულეებთან შეიძლება იყოს ის დაკავშირებული და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება რომ იქონიოს ამ სურვილმა ჩვენს ცხოვრებაზე. ძალიან უწყინარი სურვილია მაღაზიის ქონა რომ უნდოდეს ბავშვს, ბევრი შოკოლადის ჭამის პერსპექტივით, როცა, რომელიც და რამდენიც უნდას პრინციპით, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგები, ხვდები, რომ “თვალმა ჭამა და თვალმა სვა” და საერთოდ აღარ გინდა შოკოლადები, ჭამა კიარა დანახვაც კი.
მე რომ ვნატრობდი ჩემებს მაღაზია ქონოდათ ის უარყოფითები, რომლებიც თან ახლდა ამ ყველაფერს სულ არ მქონდა გათვლილი, მითუმეტეს გათვალისწინებული, და მიუხედავად  იმისა რომ მაღაზიის ქონამ ძალიან გამზარდა და ბევრი რამე მასწავლა, ძალიან ბევრ რამეზეც დამწყვიტა გული და მოვლენებიც სხვანაირად განავითარა, მაგრამ იქნებ ასეც ჯობდა?
ჩემი ოცნებების ოცნება იყო დამოუკიდებლობა, სხვა ქვეყანაში მარტო წასვლაზე ოცნებას, გულწრფელი რომ ვიყო  ვერც კი ვბედავდი მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა და მეც მივხვდი რომ ეს მარტო დარჩენის სურვილი, სიწყნარეში თუნდაც რამოდენიმე წუთი გაჩერების სურვილი და ბევრი სხვა რამ მხოლოდ იმის გამოძახილია რაც არ მქონდა მაგრამ სულ მაკლდა.. როდესაც სხვა ქვეყანაში ხარ საცხოვრებლად წასული და ენის ცოდნის მხრივ ფეხი ახალი ადგმული გაქვს, რაც იმას ნიშნავს რომ არც თუ ისე ბევრ ადამიანთან შეგიძლია მეგობრობა, ურთიერთობებს სხვანაირად უყურებ, რაღაცებს მეტად აფასებ, რაღაც საკითხებში მეტად სენტიმენტალური ხდები და ბევრი ისეთი რამე გწყინს რაც იქამდე ძალიან უმნიშვნელო იყო. ძალიან ბევრ ადამიანს კარგავ, გინდა თუ არა კარგავ,  დარჩენილებს კი მაგრად  ებღაუჭები რომ რამენაირად შეინარჩუნო ურთიერთობა. ამ დროს კი მარტოობის შეგრძნებაა ის, რასაც ვერ გაექცევი, პირიქით რაც უფრო მეტად ცდილობ გაქცევას უფრო მეტად იდგამს შენში ფესვებს, არ შველის არც ახალი ხალხის გაცნობა და მითუმეტეს არც საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ყველაფრის ისევ თავიდან, თავიდან და თავიდან დაწყება. თითქოს უსასრულოდ წრეზე ტრიალებ და ვერ ახერხებ ამ ლაბირინთიდან თავის დაღწევას.
მერე თითქოს ესეც უფერულდება, მოდის დღეები როდესაც  ურთიერთობები აღარ არის მნიშვნელოვანი, როდესაც იწყებ შეგუებას რომ ახლა ასე ცხოვრობ და ხვდები რომ ეს ყველაფერი იმაზე კარგია ვიდრე აქამდე ფიქრობდი, ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ რომ მოვლენებისადმი დამოკიდებულება შეცვალე, და ამით მიეცი საკუთარ თავს უფლება იყოს ბედნიერი იმით რაც აქვს, იმით რაც ასე ძალიან უნდოდა და რისი მიღწევისთვისაც ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწია, მერე ხვდები რომ ქალაქრი სადაც ცხოვრობ ნელ-ნელა შენი სახლი ხდება, რომ ისევ დაგიგროვდა ადგილებთან მოგონებები, რომ უკვე ნაცნობ სახეებს ხვდები ქუჩაში, რომ აღარც ენაა უცხო და აღარც სიტუაცია ქვეყანაში.
დრო ყველაფერს ალაგებს, უბრალოდ ხანდახან ცოტა უნდა დავეხმაროთ რომ დალაგებაში საკუთარი თავი ზედმეტად არ დაკარგოს.
 

 

,,ასეთი რაღაცები მარტო შენ არ გჭირს”

ხანდახან მგონია, რომ ბევრ არასწორ გადაწყვეტლებას ვიღებ ცხოვრებაში, უფრო მეტს – ვყოყმანობ.
მაგრამ მაინც.
მერე ერთ დღესაც მოდის ვიღაც და მეუბნება, რომ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება უბრალოდ და უაზროდ, და რომ ეს შეცდომებიც გზაა, გზა რაღაც უფრო სწორისკენ.
ან არ მოდის.
არ მოდის არავინ და არ ცდილობს შენი ვაი შეცდომები სხვა მხრიდან დაგანახოს, არ მოდის არავინ და არ გეუბნება რომ შეცდომები გაძლიერებს, რომ შეცდომები კარგი მასწავლებელია, რომ პატარ-პატარა არასწორ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც რეალურად  არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ნერვიულობა არ ღირს.
არავინ არ გეუბნება რომ პირიქით კარგად მოიქეცი, არავინ არ გეუბნება რომ ეს ყველაფერი ცუდი არაა, არავინ არ გაქებს და არც გსაყვედურობს არაფრის გამო.
რეალურად ეს არ მინდოდა?
მიიღე გადაწყვეტილებები,  თავად აგე პასუხი შედეგებზე და ამ ყველაფრით არ იყო ვალდებული ვიღაცებთან.
რაც არ გვაქვს ის გვინდას პრინციპია, ანდა სადაც არ ვართ იქ გვინდასი, იგისავით განსხვავებულობას და პროგრესულობას ვერ დავიბრალებ მაგრამ ერთი რამ კი გვაქვს საერთო, როგორც მას მეც მინდა ხოლმე იქ ყოფნა სადაც არ ვარ, და მერე იქ რომ მივალ სადაც არ ვარ, უკვე გამოდის რომ იქ ვარ სადაც ვარ და იქ ყოფნაც აღარ მინდა.
ფიქრისგან თავის ტკივილი, გაურკვევლობისგან დაკარგული მოსვენება და უაზრო მარტოობის შეგრძნება, რომელიც ვერ გავარკვიე როდის უფრო მაწუხებს, როცა მარტო ვარ თუ როცა სხვებთან ერთად, ჩემი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილები გახდნენ.
და მაინც, თუ ეს ყველაფერი მე თვითონ ვიცი, თუ მეთვითონ ვიცი ყველა სიტყვა, რომელიც უნდა მითხრან, თუ მე თვითონ ვიცი ყველა გადაწყვეტილების შედეგი იქამდე, სანამ მას მივიღებ, თუ მეთვითონ შემიძლია ჩემსავე თავს შეცდომები სხვადასხვა მხრიდან დავანახო, თუ მე თვითონაც ვიცი, რომ უმნიშნელო პრობლემებზე ნერვიულობა არ ღირს..
მაშინ რატომ გვაქვს ასეთი საშინელი სურვილი სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, იმ სხვა ადამიანებთან, რომლებსაც ესმით ჩვენი, და მიუხედავად იმისა რომ ვიცით როგორ წარიმართება დიალოგები, ყველაფერი სხვისგან გვინდა რომ მოვისმინოთ თითქოს სულ განსხვავებულობისკენ ვისწრაფით, რეალურად კი ყველაფერს ვაკეთებთ რომ სხვებისგანაც გავიგოთ “ასეთი რაღაცები მარტო შენ არ გჭირს .. “

გაზრდა და etc.

ხმამაღლა გააჟღერებ თუარა გაზრდის სურვილს, მაშინვე არსაიდან ჩნდებიან ადამიანები და უამრავჯერ გიმეორებენ რომ გაზრდა ცუდია, შენს ასაკში ისინიც მასე ფიქრობდნენ, რომ სკოლა მოგენატრება, რომ ‘ახლა’  საუკეთესი პერიოდი გაქვს და უნდა ‘შეირგო’  მერე ყველაფერი რომ შენს კისერზე იქნება ბევრად გაართულდება ცხოვრება და ა.შ ანუ ძალიან ცდილობენ რომ მომავალი რაც შეიძლება ცუდად დაგისახონ და მისი პოზიტიურად აღქმისა და წარმოდგენის უნარი დაგიკარგონ. საბედნიეროდ ძირითადად არ გამოსდით.
აი წარმოიდგინეთ რა ცუდია ბავშობა. ხო ვითომ არაფერი გადარდებს და ხო ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეგ ყველაფერი მოჩვენებითია. ერთ დღესაც იღვიძებ და ჰოპ, ამჩნევ რომ სხვებზე ხარ დამოკიდებული. მეორე დღეს იღვიძებ და შენს ნებაზე ვერ მიდიხარ სადღაც. მესამე დღეს იღვიძებ და კიდე რაღაცის უფლება არ გაქვს და ასე ყოველდღე. ეგ კიარა ისიც შეიძლება გითხრან სანამ შენი თავის რჩენა შენ არ შეგეძლება პრეტენზიებს ნუ გამოთქვამ რაღაც რაღაცებზეო. იზღუდები რა.  ყველასგან, ყველაფრით.  ხანდახან რაღაც რომ გინდა თქმაც გერიდება რომ გინდა. ყველაზე ცუდ სიტუაციაში მაშინ ხარ ეს ‘ბედნიერი დღე’ (როცა აანალიზებ რომ სხვებზე ხარ დამოკიდებული, მიუხედავად იმისა რომ ეს სხვები შენი მშობლები არიან) ადრეულ ასაკში რომ მოდის. მგონი რაც აზროვნება დავიწყე მას მერე დამოუკიდებლობასა და მარტო ცხოვრებაზე ვოცნებობ.. ნელ-ნელა ვითომ მივიწევდი მიზნისკენ, მაგრამ..  გერმანიაში წამოსვლა ყველაზე დიდი და მკაფიო ნაბიჯი იყო მაგ მხრივ გადადგმული უბრალოდ  უკვე 8 თვეა აქ ვცხოვრობ და  მივხვდი რომ უბრალოდ ადამიანები შევცვალე ვისზე დამოკიდებუილიც ვარ მეტი არაფერი. მერე კიდევ შევცვალე. კიდევ.. საბოლოოდ კიდე იმასაც მივხვდი, რომ თავისუფლება არ არსებობს. აი უბრალოდ არ არსებობს. ვთქვათ გაქვს სამსახური, მანდაც სულ სხვაზე ხარ დამოკიდებული, რამე არ შეგეშალოს ან ვინმე უკეთესი არ ნახონ და ისე არ დარჩე, კერძო ბიზნესშიც სახელმწიფოზე ხარ დამოკიდებული ანუ იმის თქმა მინდა რომ სულ ვიღაცის კონტროლის ქვეშ ხარ. ყოველთვის ვიღაცას უნდა გაუწიო ანგარიში. უნდა გაითვალისწინო.  სრულ თავისუფლებას ვერ აღწევ ვერასდროს, იმიტომ რომ არ არსებობს.  ყველა გარემო ფაქტორი რომ გავაქრო ალბათ მაინც არ ვიქნები თავისუფალი იმიტომ რომ სინდისი შემიჭამს ტვინს ეს ასე არა და ეს ისე არაო..
გაზრდა ამ ეტაპზე რაზეც მე ვარ  ცუდია. ყველაფერს რომ ნოლიდან იწყებ და საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს მარტო. არადა ერთის მხრივ მაგარიცაა, საკუთარ თავს ცდი. მაგრამ რაც უფრო მეტს ვისწავლი, მეტს გავიგებ, მეტად პროფესიონალი გავხდები ჩემ საქმეში, თავისუფლების არეალს გავიფართოებ და ა.შ უფრო და უფრო კარგი გახდება. მჯერა.
მინდა რომ მჯეროდეს, თავისუფლებით გაზრდა ისეთი თუ არა მიახლოებული მაინც იქნება როგორზეც ვოცნებობ(დი).

რაც სათქმელად არ გემეტებოდა


ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რაღაცები ხდება, რასაც არ ვამბობთ და ჩვენთვის ვიტოვებთ იმიტომ რომ არავინ გვყავს ვინც მოგვისმენს და ვისთანაც გაზაირება გვიღირს. ან ხდება ისეთი რაღაცები, რასაც უბრალოდ ვერ ყვები. ან რისი მოყოლაც არ გინდა.  ჰოდა ისეთი რაღაცებიც არის, რომელიც არ გემეტება რომ თქვა, მარტო შენთან გინდა დარჩეს. არავის უთხრა, არავინ შემოახედო ცოტა შიგნით, არავის გააგებინო ამბავი, რომელიც მხოლოდ შენია.
მაგასაც განსაზღვრული დრო ჰქონია.
აი ეს ყველაზე დამალული და გონების უკიდურეს წერტილში მიჩურთული ამბებიც, რომლებზე ფიქრსაც თავს არიდებდი, ხანდახან გინდა გარეთ გამოიტანო, თქვა ყველაფერი რაც იქამდე სათქმელად არ გემეტებოდა.
თქვა ის რაღაცები რაზე ფიქრი საკუთარ თავს დიდი ხნის წინ აუკრძალე, მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა და შენს მთელს გონებაში ღრმად გაიდგა ფესვები, და ზრდა იქამდე გააგრძელა სანამ საბოლოოდ არ გაიძულა მხოლოდ შენ თავთან კიარა სხვებთანაც გეღიარებინა რაღაც-რაღაცები.
საკუთარ თავთან ხშირად ვკამათობ.
ხანდახან ქუჩაში. ხმამაღლა..
ამ ბოლოს სულ რამის თქმა არ თქმაზე. ჩემი მეორე მე სულ მეჩიჩინება, რომ არ არის საჭირო, რაღაცები საკუთარ თავში დაიტოვო და ჩაიკეტო. მითუმეტეს როდესაც იცი, მოყოლა, ვინმეთვის გაზიარება როგორ გშველის.
მაგრამ.. ხანდახან არ გქონიათ განცდა რომ მოყოლა ზედმეტი მოგივიდათ?
რაღაცები, რაც არ გემეტებოდა, როგორც იქნა ამოთქვი. ბოლოს კი, ბოლოს იაზრებ, რომ ემოცია, რომელიც მიიღე, დამოკიდებულება, რომელიც დაინახე არ იყო შენი მოლოდინის შესაბამისი და გული გწყდება, თვლი, რომ არასწორ ადამიანს მოუყევი ეს შენი ნალოლიავები ამბავი.
და მერე ისევ თავიდან.. უნდა გადალახო შიში, რომ არასწორად გაგიგებენ, რომ ვისაც ეტყვი ის არ იქნება ვისთვისაც უნდა გეთქვა და ასე ყოველთვის სანამ შესაფერის ადამიანს  ყველა სათქმელადარგამეტებულ ამბავს არ მოუყვები.
იმედია.


„მოგონებებში არის ისეთი რამ, რასაც ადამიანი არავის უმხელს, გარდა მეგობრებისა, არის ისეთ რამ, რასაც მეგობრებსაც კი ვერ უმხელს, მხოლოდ საკუთარ თავს უმჟღავნებს და ისიც საიდუმლოდ. საბოლოოდ, არის ისეთ რამეც, რისი გამხელაც ადამიანს საკუთარი თავისთვისაც ეშინია და ასეთი რამ ძალზედ წესიერ ადამიანსაც კი საკმაოდ უგროვდება.” – დოსტოევსკი

ხომ ხდება ხოლმე..

ხომ არის ხოლმე ყველაფერი ცუდი ერთმანეთს რომ მიეწყობა და გგონია რომ კარგი არაფერი ხდება შენს გარშემო. ან არც ხდება. ბოლომდე ცდილობ შეინარჩუნო პოზიტიური დამოკიდებულება, მინიმუმ რეალისტური მაინც და ნეგატივში არჩაფლობის მცდელობები რაც შეიძლება გაახშირო და გაახშირო და კიდევ უფრო გაახშირო, რომ რამენაირად თავი დააღწიო სიტუაციას, რომელიც ხანდახან თავისუფლად სუნთქვის საშუალებასაც გართმევს, ენერგია, ხალისი, განწყობა და სხვა ყველაფერი მეასე ხარისხოვანი ხდება ამ დროს.
ეს კარგი კიდე არაფრით არ მოდის. დგას სადღაც შორს და გაკვირდება როგორ ეფლობი.   შეიძლება გიღიმის შორიდან და არაფერს აკეთებს ან უბრალოდ შენ არ აძლევ საშუალებას ახლოს მოვიდეს და დაგეხმაროს (ეს ცალკე სევდაა) თან გგონია არაფრის გაკეთების სურვილს არ გამოთქვამს, ყოველშემთხვევაში ფაქტი სახზეა, ერთი მილიმეტრითაც კი არ გიახლოვდება,  ახლოს მოსვლაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ჰოდა ხარ ასეთ სიტუაციებს შუაში გაჭედილი და არ იცი საით წახვიდე, რა გააკეთო ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, ვიღაცებზე ხარ დამოკიდებული, როგორც ყოველთვის, ამ სიტუაციას ისევ ვერ დააღწიე თავი,  და  მთელ დღეებს გაურკვევლობაში ატარებ. არ იცი რა იქნება ხვალ, ან თუნდაც დღესვე შუადღეს ანდა საერთოდ საღამოს.
და ხარ ასე, სადღაც ლაბირინთის შუაში, რომელსაც ბოლო არაფრით არ უჩანს, გამოსასვლელს ვერ პოულობ, მაგრამ თავს აიძულებ კიდევ ცადო და კიდევ და კიდევ თან ისე, რომ უკან არ მოგიწიოს დაბრუნება იმიტომ რომ იქაც არაფერი არ დაგხვდება უკეთესი.
ისეც ხომ ხდება ხოლმე მარტოობისკენ  რაც შეიძლება დიიიიდი ნაბიჯებით რომ იწყებ სიარულს. არაფერს აკეთებ ნაბიჯების ზომის შესამცირებლად. გასაჩერებლად-მითუმეტეს. მიდიხარ მხოლოდ წინ და წინ, ეგ კიარა ყველა შემხვედრს გზიდან იშორებ რომ შენი მიზნისკენ (მარტოობისკენ)  მიმავალ გზაზე დაბრკოლებები არ შექმნან. და მერე დგახარ და მოსთქვამ სწორედ ამ მარტოობას, რომელსაც ნელ ნელა უფრო და უფრო გრძნობ.. რომელიც დროის გასვლასთან ერთად უფრო ღრმად ილექება შენში..
და ხდება ხოლმე ამ სიტუაციის შეგუებას რომ იწყებ ნელ-ნელა, მერე ეფლობი კიდევ და უფრო, მაგრამ მხოლოდ ერთი პატარა ბიძგია საჭირო, რომელიც ისევ ენერგიით აგავსებს და  დაგანახებს, რომ ღირს იბრძოლო, ღირს იწვალო და შემდეგ შედეგით დატკბე, ის კარგიც, რომელიც როგორც იქნა შენი მიმართულებით აიღებს გეზს,  გვერდით მოისვა და ძალიან იშვიათან მიაცემინო შენი მარტო დატოვების უფლება. ეგეც იმიტომ, რომ ხანდახან ყველას გვჭირდება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და მშვიდად ფიქრი. ყველაფერზე.

ეს არ არის დეპრესია

მოტივაციის ან განწყობის ნაკლებობას რომ განვიცდი, საქართველოდან წასვლის დადებითი მხარეების განხილვაზე გადავდივარ ხოლმე.
ჩემ თავს ველაპარაკები
ქუჩაში.
თან ხმამაღლა.
კი, რა თქმა უნდა, უცნაურია ალბათ არასასურველიც მაგრამ..
არავის არ ესმის.
მიდიხარ, და ყველას გონია ყურსასმენებში ლაპარაკობ (საერთოდ ინტერესდება კი ვინმე?)
მიდიხარ შენთვის და მთელი მონდომებით ცდილობ შენს მეორე მეს აუხსნა, რომ არასწორია და “ამაზე” ნერვიულობა არ ღირს. მერე ის იქიდან გეპასუხება და მოკლედ, სტანდარტული დიალოგია.
არაფერი საინტერესო, გარდა ფაქტისა.
როდესაც უგზოუკვლოდ გინდა ვიღაცამ მოგისმინოს და იცი, არავინ არის ისეთი ვინც მოგისმენს, არ არიან იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შენ არ ეცადე და მოკლედ თუ ვინმე რამეში, სადმე, როდესმე, რამენაირად დამნაშავეა ყველაფერში შენ ხარ და ყველაფერი შენი ბრალია.
ხანდახან მგონია რომ ჩემს მეგობრებთან ჩემი “ურთიერთობა” ჩემი მხრიდან თავის შეხსენების მცდელობაა. ვერვიტან ონლაინ ურთიერთობებს!
როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ საცხოვრებლად მინიმუმ 1 წლით მაინც და კიდევ 3წლიანი გეგმა გაქვს დარჩენის ხვდები, რომ საერთოდ არ არის საჭირო გარდაცვალება იმისთვის, რომ ვინმე დააფასო, ან მოგენატროს, ან მიხვდე, როგორ მნიშვნელოვანია ესა თუ ის პიროვნება შენთვის, ან გაიაზრო რა მაგარია იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც გაიზარდე, სადაც ყველაფერი ნაცნობია და შეგიძლია მიხვდე რას და რატომ აკეთებს ხალხი, სადაც გაქვს შესაძლებლობა გააპროტესტო ის რაც არ მოგწონს, სადაც თავს არ გრძნობ როგორც ჰაერიდან ჩამოვარდნილი და არასწორ ადგილზე მოხვედრილი(თავიდან მაინც).
საქართველოდან წამოსვლამდე ხშირად ვფიქრობდი რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად, სულ მეგონა რომ უშუალო ურთიერთობები, თავისუფლად ლაპარაკი, შეგრძნება, რომ ასე თუ ისე რაღაცას წარმოადგენ, რაღაცას მიაღწიე, რაღაც შექმენი ან ის მომენატრებოდა ქუშაში უაზროდ დაღლილს მეგობარი/მეზობელი/ნათესავი მანქანით რომ ჩაგივლიდა გაგიჩერებდა და სახლამდე წაგიყვანდა, ჩემს საბცხოვრებელ ქუჩას რომ მივუახლოვდებოდი და ყველა მეორეს რომ შემეძლო მივსალმებოდი.. კიდე მოხარშული სიმინდი, თუთის ტყლაპი(ქოქოსთან ერთად სუპერ გემრიელია) და ჩურჩხელა, მომენატრებოდა შემთხვევით ნანახი ძველი მეგობრები, რომელთანაც სულ ვინანებდი ურთიერთობის გაწყვეტას, მაგრამ მალევე გადამივლიდა. მომენატრებოდა უნივერსიტეტი, კურსელები, უბრალოდ ნაცნობი სახეები..
ხოდა,
მართალი ვიყავი.
ისე კი, უნდა ვთქვა რომ გერმანელები იმაზე უფრო დადებითი ხალხი არიან ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყვნენ. ქუჩაში შეიძლება სულ უცხო მოგესალმოს, გაგიღიმოს, ზებრაზე რომ გადავდივარ ხომ საერთოდ, საკმაოდ შორი მანძილიდან მიჩერებენ მანქანები და მშვიდად ელოდებიან როდის გადავალ გზაზე. ავტობუსში რომ ადიხარ მძღოლი გიღიმის და გესალმება კიდეც ხშირ შემთხვევაში..